წიფლოვანა

თეკო უშარაული (1923-2014). ჩაწერილია 1970-იან წლებში ელენე ქადაგიძის მიერ წოვათუშურად. ნათარგმნია მცირეოდენი გამოკრებით

თუშების ცხოვრება ასეთი იყო: ბარიდან მთაში, მთიდან ბარში…

შეკაზმავდნენ ცხენებს გათენებისას, იქვე ხურჯინებს აჰკიდებდნენ, ხურჯინებში ბავშვებს ჩასხამდნენ და გზას დაადგებოდნენ. მიდიოდნენ, ცხადია – მთები უნდა გადაელახათ – გზადაგზა ღამის თევით. დიდ ცეცხლს დაანთებდნენ და იმ ცეცხლის ირგვლივ იშლებოდა სუფრები, იქ ითქმოდა ყველაფერი – სამგლოვიაროცა და სამხიარულოც.

მთებს გადაივლიდნენ, ადიოდნენ ინდურთაში, საგირთაში – იმ ჩვენი – თუშების ადრინდელ საცხოვრებელ-ნასოფლარებში.

ერთი ოჯახის დედას ხურჯინში სხმოდა ბავშვები, თვითონ ფეხით მიდენილიყო, ბავშვები ცხენზე გადაკიდებულ ხურჯინში ესხდნენ. ერთ ძალიან ვიწრო ბილიკზე ფეხი დასხლტომოდა ცხენს და თავის ცხენიან-ხურჯინიანად ჩაეტანა ის ბავშვები…

იმ დედას თავისი ვაება მელოდიად უქცევია თურმე, წიფლოვანაში მომხდარა ეს ამბავი და ამიტომ გარმონზე დაკრულ იმ სულშიჩამწვდომ, ულამაზეს გოდების მოტივს „წიფლოვანა“ ჰქვია…

…იქვე, იმ წიფლოვანაში ერთ ადრიან გაზაფხულზე მიტრო უშარაულს „მკვდრის წილი“ – მისაგებელი აჰქონდა მთაში, თავისი 15 წლის ვაჟიც მიჰყავდა, თელავისა თუ თბილისის გიმნაზიის მოსწავლე. თურმე ბარგაკიდებული ცხენები წინ გაირეკეს, თვითონ უკან მიჰყვნენ. წიფლოვანაში რომ გადავიდნენ, წინ მამა მიიკვლევდა გზას, უკან ბიჭი მიჰყვებოდა – ცხენებით, ცხადია. იქაურობას ძალიან ძნელად სავალს ამბობენ, მე არ მინახავს ის წიფლოვანის ხეობა, მაგრამ საზარელი ადგილი ყოფილა, დიდი, სწრაფი წყალი დიდი სიჩქარით მიედინება იმ გოხებში თურმე. უცებ კივილი მოესმა მამას – მიშველეო! და რომ მოიხედა, მხოლოდ თვალიღა მოჰკრა, იმ ზვავის ნაქარში როგორ ჩაიტანა ბიჭი და ცხენი წყალმა…

დარჩა ასე გახევებული მამა!

რას იზამდა, იქ შველა, რაიმეს გაკეთება შეუძლებელია თურმე… გავიდა წყალს, წავიდა ცხვარ-მეცხვარეთა ბინისაკენ, რა უნდა ექნა – წაიყვანა ის ცხენებიც და იქ მყოფი ბიჭების, კაცებისათვის ეთქვა: ასეთი ამბავია ჩემს თავს, შვილი წყალმა წამართვა და უკან უნდა გავბრუნდეო.

რა თქმა უნდა, გამოჰყვნენ, ვისაც შეეძლო წამოყოლა. იარეს, ეძებეს, მთელი კვირა ასდევდნენ და ჩასდევდნენ იმ წყალს, როგორც შეეძლოთ, მაგრამ ამაოდ. მათ შორის იყო იმ ბიჭის ბიძაც – ჯემოანთ პავლე. დაღლილ-დაქანცული ღამე შინ მოსულიყო, დაწოლილიყო. უცებ, გარიჟრაჟისას ელდანაცემივით გამოღვიძებოდა ამ კაცს და ცოლისთვის ეთქვა: – მე მივდივარო! – რა მოხდა, რა ამბავიაო? – ცოლს ეკითხა. – უკანვე მივდივარ საძებნელადო! თურმე სიზმარი ენახა: – სად მეძებთ, ბიძავ, ამა და ამ ადგილას ხის ძირზე ვკიდივარო!!!

ისე ნათლად მიესწავლებინა სიზმარში იმ ბიძისათვის, რომ კაცი ცხენს მოახტა და ჭენებით ავიდა ბაწარის ხეობაში, მოძებნა ის ადგილი, სადაც წყალი მკვეთრად უხვევდა და ხის ფესვები იყო გადმოშვერილი. იმ ფესვებმა დაიჭირა თურმე განახევრებული – ნახევარი სახე, ნახევარი ტანი, რა თქმა უნდა, აღარაფერი ეცვა – ასე ნახევარი ეკიდა თურმე იმ ძირებზე, იქიდან ჩამოუყვანიათ…

ჩემი ბებია ტიროდა თურმე: – რად მინდოდა კარზე მოყვანილი განახევრებული ბავშვიო!

იმ ბებიაჩემის ტირილი გადაიღეს – გარმონზე გადაიტანეს, უკრავენ ხოლმე. ასე გლოვობდნენ წინათ თუშები. როცა სატირალში წავიდოდნენ, იქ მოთქვამდნენ, თუ სატირალი არ იყო, გარმონით ტიროდნენ, თავიანთი მელოდიებით აგრძელებდნენ გლოვას. ასე ტირილით იცხოვრეს ჩვენმა თუშებმა მთაბარობაში…

დატოვე კომენტარი